ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკის იშვიათი გამოცემები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება ძველნაბეჭდი ქართული გამოცემების უნიკალური ეგზემპლარები. ისინი XVIII საუკუნიდან იბეჭდებოდა ჯერ ვახტანგ VI-ის სტამბაში 1709-1722 წლებში, შემდეგ 1749-1800 წლებში ერეკლე II-ის სტამბაში. ამასთან, ქართული წიგნები იბეჭდებოდა მოსკოვშიც: ბაქარის, არჩილ II-ის სტამბაში. ჩვენამდე ასევე მოღწეულია რომში დაბეჭდილი ქართული წიგნები, რომელიც ასევე დაცულია თსუ ბიბლიოთეკაში.
ამ წიგნადი საგანძურიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება 25 დასახელების 56 გამოცემა. მათგან 41 გამოცემა თბილისშია დაბეჭდილი, 13 მოსკოვში და 2 რომში. გამოცემები ძირითადად დაბეჭდილია ნუსხურად, თუმცა გვაქვს მხედრულით შესრულებული სხვადასხვა ეგზემპლარი. მეტად საინტერესოა წიგნის ფურცლებზე დატანებული გრავიურები და ჭვირნიშნები, რომლებიც ინფორმაციას გვაძლევს ფურცლების წარმომავლობის შესახებ. თსუ ბიბლიოთეკაში დაცულ წიგნებს აქვთ ჰოლანდიური, ფრანგული, იტალიური, გერმანული, ბრიტანული და რუსული ჭვირნიშნები.
თსუ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ძველნაბეჭდი წიგნებიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს 1709 წლის „დავითნს“, 1709 წლის „სამოციქულოს“ და 1791 წლის „სამოციქულოს“.
არა ერთი ეგზემპლარის თავფურცელი გაფორმებულია სხვადასხვა გრავიურით, მახარობელთა გამოსახულებებით, ღვთისმშობლისა და ქრისტეს გამოსახულებებით, ასევე ხშირადაა დატანილი ბაგრატიონთა გერბი და ვახტანგის პორტრეტი.
ბიბლიოთეკის გვერდზე წარმოდგენილია თსუ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ერთეულები, მათზე დატანებული სხვადასხვა გამოსახულებებითა და მოკლე აღწერილობით, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციას ეგზემპლარის შესახებ.