კიტა აბაშიძის კოლექცია

 

კიტა აბაშიძე

1917 წლის 19 დეკემბერს გამართულ უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს წინასწარ სხდომაზე მომავალი უნივერსიტეტის სასწავლო გეგმა და უნივერსიტეტში მიღების პირობები განიხილებოდა. ივანე ჯავახიშვილმა კოლეგებს გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტის, კიტა აბაშიძის (1870-1917) ანდერძი გააცნო. ანდერძის თანახმად, მისი პირადი ბიბლიოთეკა უნივერსიტეტს გადაეცემოდა. ასე რომ, პირველი ქართული უნივერსიტეტის ოფიციალურად გახსნამდე თითქმის თვენახევრით ადრე დაიწყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შექმნის ისტორია. ამ კერძო კოლექციამ,  ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა უნივერსიტეტის წიგნთსაცავს.

თითქმის მთელი კოლექცია ფრანგულენოვანი წიგნებისაგან შედგება, რომელშიც წარმოდგენილია XIX-XX საუკუნეების ფრანგული კლასიკური ლიტერატურის, კრიტიკის, ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მოძღვრებისა და ხელოვნების მიმართულების წიგნები.


შალვა აბზიანიძის კოლექცია

 

2017 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შემოემატა ფილოსოფოს შალვა აბზიანიძის პირადი კოლექცია. შემომწირველი - მარიამ შალვა აბზიანიძეკვარაცხელია. პირადი კოლექცია 2046 საბიბლიოთეკო ერთეულს აერთიანებს. შალვა აბზიანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

 

 

 

 

 


ანდრია აფაქიძის კოლექცია

ანდრია აფაქიძე2012 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კიდევ ერთი კოლექცია შეემატა - გამოჩენილი ქართველი არქეოლოგისა და ისტორიკოსის ანდრია აფაქიძის (1914-2005) პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 4611 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის. არქეოლოგის პირადი კოლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მისმა შვილიშვილმა, ცნობილმა პიანისტმა დუდანა მაზმანიშვილმა გადასცა.
1937 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1943-1952 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. 1953-1974 წლებში ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიის სექტორის გამგე. 1974-1980 წლებში ისტორიის ინსტიტუტის ანტიკური არქეოლოგიის განყოფილების გამგე, 1980-1983 წლებში მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. ანდრია აფაქიძე მუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლოგიისა და საქართველოს ძველი კულტურის ისტორიის საკითხებზე. ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ბიჭვინთაში, მცხეთასა და საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ კუთხეებში. ანდრია აფაქიძემ უდიდესი როლი შეასრულა ქართული მეცნიერების და არქეოლოგიის განვითარებაში. იგი მიეკუთვნება იმ ქართველ მეცნიერთა რიცხვს, რომლებმაც გარკვეული ეპოქა შექმნეს. იგი გახლდათ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე და მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. მოღვაწე, რომელმაც ქართულ მეცნიერებას ღირსეული კვალი დაამჩნია.


გიორგი ახვლედიანის კოლექცია

გიორგი ახვლედიანიგამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, გიორგი ახვლედიანის (1887-1973) პირადი კოლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული. წიგნადი ფონდი უნივერსიტეტის წიგნთსაცავს მისმა ქალიშვილმა ელენე (ლალა) ახვლედიანმა გადასცა.
1923 წელს გიორგი ახვლედიანის ინიციატივით, დაფუძნდა ,,ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება’’. 1932 წლიდან ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, 1940 წლიდან კი ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების წევრი იყო. გიორგი ახვლედიანმა, სხვა მეცნიერებთან ერთად დააფუძნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია 1941 წელს. მან პირველმა წაიკითხა ფონეტიკის საუნივერსიტეტო კურსი, დააარსა ფონეტიკის ლაბორატორიები, შექმნა შრომები და სისტემატური სახელმძღვანელო ფონეტიკაში, რომელიც ამ დარგში ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად არის აღიარებული.
გიორგი ახვლედიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის პირველი დირექტორი (1918 27.01 – 1918 10.12) იყო.