ა
ა
კიტა აბაშიძის კოლექცია
1917 წლის 19 დეკემბერს გამართულ უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს წინასწარ სხდომაზე მომავალი უნივერსიტეტის სასწავლო გეგმა და უნივერსიტეტში მიღების პირობები განიხილებოდა. ივანე ჯავახიშვილმა კოლეგებს გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტის, კიტა აბაშიძის (1870-1917) ანდერძი გააცნო. ანდერძის თანახმად, მისი პირადი ბიბლიოთეკა უნივერსიტეტს გადაეცემოდა. ასე რომ, პირველი ქართული უნივერსიტეტის ოფიციალურად გახსნამდე თითქმის თვენახევრით ადრე დაიწყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შექმნის ისტორია. ამ კერძო კოლექციამ, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა უნივერსიტეტის წიგნთსაცავს.
თითქმის მთელი კოლექცია ფრანგულენოვანი წიგნებისაგან შედგება, რომელშიც წარმოდგენილია XIX-XX საუკუნეების ფრანგული კლასიკური ლიტერატურის, კრიტიკის, ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მოძღვრებისა და ხელოვნების მიმართულების წიგნები.
შალვა აბზიანიძის კოლექცია
2017 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შემოემატა ფილოსოფოს შალვა აბზიანიძის პირადი კოლექცია. შემომწირველი - მარიამ კვარაცხელია. პირადი კოლექცია 2046 საბიბლიოთეკო ერთეულს აერთიანებს. შალვა აბზიანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.
ანდრია აფაქიძის კოლექცია
2012 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კიდევ ერთი კოლექცია შეემატა - გამოჩენილი ქართველი არქეოლოგისა და ისტორიკოსის ანდრია აფაქიძის (1914-2005) პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 4611 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის. არქეოლოგის პირადი კოლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მისმა შვილიშვილმა, ცნობილმა პიანისტმა დუდანა მაზმანიშვილმა გადასცა.
1937 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1943-1952 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. 1953-1974 წლებში ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიის სექტორის გამგე. 1974-1980 წლებში ისტორიის ინსტიტუტის ანტიკური არქეოლოგიის განყოფილების გამგე, 1980-1983 წლებში მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. ანდრია აფაქიძე მუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლოგიისა და საქართველოს ძველი კულტურის ისტორიის საკითხებზე. ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ბიჭვინთაში, მცხეთასა და საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ კუთხეებში. ანდრია აფაქიძემ უდიდესი როლი შეასრულა ქართული მეცნიერების და არქეოლოგიის განვითარებაში. იგი მიეკუთვნება იმ ქართველ მეცნიერთა რიცხვს, რომლებმაც გარკვეული ეპოქა შექმნეს. იგი გახლდათ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე და მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. მოღვაწე, რომელმაც ქართულ მეცნიერებას ღირსეული კვალი დაამჩნია.
გიორგი ახვლედიანის კოლექცია
გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, გიორგი ახვლედიანის (1887-1973) პირადი კოლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული. წიგნადი ფონდი უნივერსიტეტის წიგნთსაცავს მისმა ქალიშვილმა ელენე (ლალა) ახვლედიანმა გადასცა.
1923 წელს გიორგი ახვლედიანის ინიციატივით, დაფუძნდა ,,ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება’’. 1932 წლიდან ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, 1940 წლიდან კი ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების წევრი იყო. გიორგი ახვლედიანმა, სხვა მეცნიერებთან ერთად დააფუძნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია 1941 წელს. მან პირველმა წაიკითხა ფონეტიკის საუნივერსიტეტო კურსი, დააარსა ფონეტიკის ლაბორატორიები, შექმნა შრომები და სისტემატური სახელმძღვანელო ფონეტიკაში, რომელიც ამ დარგში ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად არის აღიარებული.
გიორგი ახვლედიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის პირველი დირექტორი (1918 27.01 – 1918 10.12) იყო.
ბ
ბ
მამია და ქრისტინე ბერიშვილების კოლექცია
2015 წელს ქართველმა ემიგრანტმა ტიერი ბერიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოსცა თავისი მშობლების ცნობილი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტის მამია ბერიშვილისა (1917-2003) და დედის ქრისტინე ბერიშვილი-ლეკრეკის არქივი. არქივში დაცულია 1300-მდე საბიბლიოთეკო ერთეული: წიგნები, წერილები, დოკუმენტები და ფოტოები. არქივში წარმოდგენილია დოკუმენტები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.), ქართული პოლიტიკური ემიგრაციის, 1924 წლის აჯანყების, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროსა და ლევილის ქართული მამულის შესახებ.
მამია ბერიშვილი საფრანგეთში წასულ ემიგრანტთა მეორე თაობას ეკუთვნოდა. მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, იგი საფრანგეთში დასახლდა და იქ გააგრძელა საზოგადოებრივი და პარტიული მოღვაწეობა; 1959 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს მდივანი გახდა. 1977-1996 წლებში მამია ლევილის ასოციაცია ,,ქართული კერის’’ ხელმძღვანელი იყო. საქმიანობაში მას აქტიურად ეხმარებოდა მეუღლე ქრისტინე ლეკლერი, რომელიც ქართული ასოციაციის საკანცელარიო საქმის წარმოებაში იყო ჩართული და უვლიდა ლევილის ქართველთა სასაფლაოს.
გ
გ
თენგიზ გიორგაძის კოლექცია
2014 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შემოემატა ცნობილი ქართველი მოჭადრაკის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის თენგიზ გიორგაძის კოლექცია. წიგნადი ფონდი უნივერსიტეტის წიგნთსაცავს მისმა ქალიშვილმა, თამარ გიორგაძემ გადასცა. თენგიზ გიორგაძის პირადი კოლექცია 375 საბიბლიოთეკო ერთეულს აერთიანებს.
ვ
ვ
ალექსანდრე ვაჩეიშვილის კოლექცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათად გამოცემათა ფონდში დაცული ერთ-ერთი კოლექცია ალექსანდრე ვაჩეიშვილის (1886-1964) პირად ბიბლიოთეკას მოიცავს, რომელიც 1880 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის და შედგება ძირითადად იურიდიული ხასიათის ლიტერატურისაგან.
ალექსანდრე ვაჩეიშვილი 1922 წლიდან აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის მოწვევით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას. წლების განმავლობაში იყო სისხლის სამართლის კათედრის გამგე. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა სოციოლოგიაში, სამართლის თეორიასა და სისხლის სამართალში. ავტორია 50-ზე მეტი დასახელების მეცნიერული შრომის. ალექსანდრე ვაჩეიშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენა - დამუშავებაში. მისი ხელმძღვანელობით ითარგმნა და მისივე რედაქტორობით გამოიცა სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები სისხლის სამართალში.
1946 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.
ზ
ზ
ავლიპ ზურაბაშვილის კოლექცია
2019 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ცნობილი ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ავლიპ ზურაბაშვილის (1902-1994) პირადი ბიბლიოთეკა გადმოეცა. კოლექცია, მემორიალური ნივთები და საარქივო მასალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მეცნიერის ოჯახმა გადასცა.
საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი ავლიპ ზურაბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მან 1927 წელს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ, აქვე დაიწყო სამეცნიერო მოღვაწეობა - 1930 წლამდე ჯერ უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი და შემდეგ დოცენტი იყო.
მეცნიერის გამოკვლევები ძირითადად ეხება კლინიკური ფსიქიატრიისა და ნეირომორფოლოგიის საკითხებს. მან ახლებურად გააშუქა სინაფსების არქიტექტონიკა და პათოარქიტექტონიკა. განავითარა დებულებანი ფსიქონევროლოგიაში პერსონოლოგიური კვლევის შესახებ. ფსიქოლოგიასა და კლინიკურ ფსიქოლოგიაში იკვლევდა ეთიკის, მორალისა და ჰუმანიზმის პრობლემებს.
კ
კ
ალექსანდრე კვიტაშვილის კოლექცია
2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შემოემატა ალექსანდრე კვიტაშვილის პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 627 ერთეულს ითვლის. ალექსანდრე კვიტაშვილი 2010-2013 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის რობერტ ფ. ვაგნერის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა.
სვიმონ და ალექსანდრე კლდიაშვილების კოლექცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება გამოჩენილი ქართველი ძმების სვიმონ (1865-1920) და ალექსანდრე (1873-1905) კლდიაშვილების პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 232 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის. ძმების განსხვავებული პროფესიებიდან გამომდინარე, კოლექციაში სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების ლიტერატურაა თავმოყრილი, რომელთა უმეტესობა უცხოენოვანია.
1899-1906 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მშენებლობას სვიმონ კლდიაშვილი ხელმძღვანელობდა. მან ახალგახსნილ უნივერსიტეტს პირადი კოლექცია გადასცა.
სვიმონის უმცროსი ძმა - ალექსანდრე კლდიაშვილი ავტორია პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოსი ქიმიაში - „მოკლე მინერალური ქიმია“. ამ სახელმძღვანელოთი ალექსანდრე კლდიაშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ ენაზე ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნის საქმეს. სახელმძღვანელო წარმოადგენს ზოგადი ქიმიის კურსს, რომელშიც გაშუქებულია კლასიკური ქიმიის მეცნიერული საფუძვლები.
1905 წელს ალექსანდრე კლდიაშვილმა დარბევას გადაარჩინა ოდესელ ებრაელთა ოჯახი, რის გამოც იგი შავრაზმელთა მსხვერპლი გახდა.
ლ
ლ
მარიამ ლორთქიფანიძის კოლექცია
2012 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კიდევ ერთი კოლექცია შეემატა - ცნობილმა ისტორიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ მარიამ ლორთქიფანიძემ (1922-2018) უნივერსიტეტს გადასცა პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 4310 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის. კოლექცია ძირითადად საისტორიო შინაარსის ლიტერატურისგან შედგება.
1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947-1986 წლებში იყო ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,თბილისის საამირო’’, 1963 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება’’. 1996 წელს მისი თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია. მარიამ ლორთქიფანიძე იყო მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ღვაწლმოსილი პედაგოგი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი.
მისმა ნაშრომებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ისტორიისა და მეცნიერების განვითარებაში. მარიამ ლორთქიფანიძე ისტორიკოსთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მრავალსაუკუნოვანი ქართული ისტორიული აზროვნების განვითარებაში.
მ
მ
ტრისტან მახაურის კოლექცია
2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოეცა ქართველი მწერლისა და ფოლკლორისტის, ტრისტან მახაურის (1959-2018) პირადი კოლექცია. კოლექციაში გაერთიანებულია წიგნები, საარქივო მასალები და ფოტოები, მთლიანობაში 1000-ზე მეტი საბიბლიოთეკო დოკუმენტი. მწერლის პირადი კოლექცია თსუ ბიბლიოთეკას მისმა დამ, ლელა მახაურმა გადმოსცა.
ტრისტან მახაური 1977-1978 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ლაბორანტი. 1978-1984 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ნაშრომი, „მესტვირეობის ტრადიცია ფშავში“ გამოაქვეყნა 1981 წელს ჟურნალ „ცისკარში’’. გამოქვეყნებული აქვს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული და ლიტერატურულ-კრიტიკული ხასიათის წერილები, რეცენზიები, ნარკვევები, საკუთარი ლექსები, თარგმანები.
2003-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის უფროსი მასწავლებელი, ხოლო 2006-2017 წლებში ასოცირებული პროფესორი.
პეტრე მელიქიშვილის კოლექცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში გამორჩეული ადგილი უჭირავს ცნობილი ქართველი ქიმიკოსისა და საზოგადო მოღვაწის პეტრე მელიქიშვილის (1850-1927) პირად ბიბლიოთეკას, რომელიც 1087 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის და შედგება ძირითადად უცხოენოვანი ლიტერატურისაგან. უნიკალური გამოცემები ქრონოლოგიურად 1848-1916 წლებს მოიცავს. მეცნიერის პირადი კოლექცია პეტრე მელიქიშვილის გარდაცვალების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მისმა მოწაფემ ნინო ციციშვილმა გადასცა.
პეტრე მელიქიშვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ – ერთი დამაარსებელი და მისი პირველი რექტორი 1918 – 1919 წლებში. დიდი და მრავალმხრივია პეტრე მელიქიშვილის მოღვაწეობა უნივერსიტეტში. გარდა რექტორის მოვალეობის შესრულებისა, იგი კითხულობდა ლექციებს, აწყობდა ლაბორატორიებს ახლად დაარსებულ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. დიდი ამაგი დასდო ქართული ტერმინოლოგიის საქმეს, მისი ინიციატივით უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა სამ ქიმიურ ლაბორატორიას, შეიქმნა არაორგანული, ორგანული და აგროქიმიის კათედრები. ვასილ პეტრიაშვილთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ ქიმიურ სკოლას. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამეცნიერო საზოგადოებების დაარსებაში, გამოდიოდა მოხსენებებით სხვადასხვა ყრილობებსა და კონფერენციებზე.
გიორგი მელიქიშვილის კოლექცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში ინახება გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის გიორგი მელიქიშვილის (1918-2002) პირადი ბიბლიოთეკა.
უდიდესია გიორგი მელიქიშვილის ღვაწლი ქართულ ისტორიოგრაფიაში. მისმა ფუნდამენტურმა ნაშრომებმა ძველი აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში ახალი ეტაპი შექმნეს მსოფლიო ურარტოლოგიაში. გ. მელიქიშვილი ავტორია მრავალი გამოკვლევისა ხურიტების, ხეთების, ასურეთის, ზაგროსის მთიანეთისა და ძველი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ისტორიაში. ასურული და ურარტული წერილობით წყაროებზე დაყრდნობით გამოიკვლია უძველესი ქართველური პოლიტიკური გაერთიანებების — კოლხას და დიაოხის — ისტორიის საკითხები. მისი ნაშრომები ეხება საქართველოს ძველი ისტორიისა და ფეოდალური ხანის მრავალ კარდინალურ პრობლემას და ძველი წინა აზიისა და კავკასიის უძველესი კლასობრივი საზოგადოებების (მათ შორის საქართველოს) სოციალურ-ეკონომიკური წყობის და კლასობრივ საზოგადოებათა ტიპოლოგიური და სტადიალური კლასიფიკაციის საკითხებს.
შოთა მესხიას კოლექცია
2013 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კიდევ ერთი კოლექცია შეემატა - გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის შოთა მესხიას (1916-1972) პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 1670 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის და შედგება ძირითადად ისტორიულ-ქართველოლოგიური შინაარსის სამეცნიერო ლიტერატურისგან.
შოთა მესხია 1933 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, სადაც ისმენდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერების ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას, შალვა ნუცუბიძისა და სხვათა ლექციებს. 1942 წლის 15 დეკემბერს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ხელოსნობა ძველ საქართველოში“.
უდიდესია შოთა მესხიას დამსახურება საქართველოს ისტორიის პირველი სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნის თვალსაზრისით. ისტორიკოს ვიქტორ გუჩუასთან ერთად მან მოამზადა პირველი სასკოლო სახელმძღვანელო საქართველოს ისტორიაში, რომელიც დიდხანს ემსახურებოდა მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის კეთილშობილურ საქმეს. შოთა მესხია აქტიურ მონაწილეობას იღებდა ,,საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ რვატომეულის მომზადებაში. თვითონ იყო მეორე ტომის რედაქტორი. დაჯილოებული იყო არა ერთი სახელმწიფო ჯილდოთი.
შოთა მესხია შესანიშნავი პედაგოგი და კოლეგა იყო. მისი ჰუმანური, ამავე დროს საქმისადმი მეტად პრინციპული დამოკიდებულება ახალგაზრდებსა და კოლეგებში განსაკუთრებულ მოწიწებასა და ხიბლს იწვევდა. მისი უშუალო ხელდასმით არა ერთი სახელოვანი მკვლევარ–ისტორიკოსი მოევლინა ქართულ საისტორიო მეცნიერებას.
ნ
ნ
შალვა ნუცუბიძის კოლექცია
2013 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კიდევ ერთი კოლექცია შეემატა - გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის შალვა ნუცუბიძის (1888-1969) პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 596 დასახელების 635 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის და შედგება როგორც ქართული, ისე უცხოური სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების ლიტერატურისგან. უნიკალური გამოცემები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება.
შალვა ნუცუბიძე უნივერსიტეტის ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე და ლაიპციგის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი იყო. ოცდაათიანი წლების მეორე ნახევრიდან ინტენსიურად იკვლევდა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიას და მასთან დაკავშირებულ “აღმოსავლური რენესანსის” საკითხებს. მისი მეცნიერული გამოკვლევების საფუძველზე ქართველოლოგიის ეს დარგი დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბდა. დიდი წვლილი შეიტანა ფსევდო დიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხის კვლევაში.
ო
ო
ნატალია ორლოვსკაიას კოლექცია
2014 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შემოემატა პროფესიით ფილოლოგისა და ცნობილი პედაგოგის, ნატალია ორლოვსკაიას (1920-2014) პირადი ბიბლიოთეკა. პირადი კოლექცია 2000-ზე მეტ საბიბლიოთეკო ერთეულს აერთიანებს.
ნატალია ორლოვსკაიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა.1945 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. კითხულობდა ლექციების კურსებს: "საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორია", "XVIII-XIX საუკუნეების ინგლისური ლიტერატურის ისტორია". საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1946 წელს თემაზე "თეკერეის შემოქმედება", ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1966 წელს თემაზე: "საქართველო XVII-XVIII საუკუნეების დასავლური ლიტერატურის ისტორიაში". ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს. ქალაქ თბილისში, სულხან-საბას ქუჩის 6 ნომერში გახსნილია ნატალია ორლოვსკაიას მემორიალური დაფა.
პ
პ
ვასილ პეტრიაშვილის კოლექცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება ცნობილი ქართველი ქიმიკოსის ვასილ პეტრიაშვილის (1842-1908) პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 478 საბიბლიოთეკო ერთეულს აერთიანებს და შედგება ძირითადად ტექნიკური ხასიათის უცხოური ლიტერატურისაგან. უნიკალური გამოცემები ქრონოლოგიურად 1777 - 1908 წლებს მოიცავს.
ვასილ პეტრიაშვილი იყო თბილისში უნივერსიტეტის დაარსების ერთ – ერთი ინიციატორი, თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესასთან, სისტემატიურად ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს სოციალურ, სამეურნეო თუ სამეცნიერო საკითხებზე. ეწეოდა მეცნიერების პოპულარიზაციას საქართველოში, ტექნიკური ტერმინებით ამდიდრებდა ქართულ ენას. ურთიერთობა ჰქონდა აკაკი წერეთელთან, იაკობ გოგებაშვილთან, ნიკო ნიკოლაძესთან.
"მე რომ პოეტური ნიჭი მქონოდა და განმეზრახა დამეხატა ადამიანი, რომელიც საუკეთესო ზნეობრივი თვისებებით წარმოადგენს სიბრძნესთან შეერთებული გულკეთილობის განსახიერებას, მე დავხატავდი ვასილ პეტრიაშვილს" – ასე აფასებდა თავისი უფროსი მასწავლებლისა და უახლოესი მეგობრის პიროვნებას ცნობილი ქართველი მეცნიერი პეტრე მელიქიშვილი.
რ
რ
მიშელ რამიშვილის კოლექცია
2015-2016 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის ნოე რამიშვილის შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოსცა მასთან დაცული უმნიშვნელოვანესი არქივი, რომლის მოცულობაც 3 000 საბიბლიოთეკო ერთეულს აღემატება. კოლექციაში დაცულია ნოე რამიშვილის ქართული, ფრანგული და რუსული პასპორტები, სხვადასხვა სახის დოკუმენტები, ფოტოები და წერილები.
ნოე რამიშვილის კუთვნილი დოკუმენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, კერძოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შემსწავლელ ცენტრში ინახება. მათ შორის არის, ასევე, შალვა აბდუშელიშვილის მოგონებები ნოე რამიშვილზე; აქამდე უცნობი ხელნაწერი, რომელიც მან ნოე რამიშვილის მეუღლეს - მარო რამიშვილს დაუტოვა; მოწმობა დამფუძნებელი კრების წევრობის შესახებ; სავიზიტო ბარათი; რუსეთის იმპერიის მიერ გაცემული პასპორტი; ფრანგული პირადობის მოწმობა; დიპლომატიური პასპორტი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პასპორტი; დიპლომატიური ვიზები; ნოე რამიშვილის ბარათი პოლიციის კარტოთეკიდან; საგაზეთო ამონარიდი და მარო რამიშვილის წერილები.
ანდრია რაზმაძის კოლექცია
2014 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ანდრია რაზმაძის (1889-1929) პირადი კოლექცია, რომელიც 496 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის. მათემატიკოსის პირადი კოლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ცნობილმა ისტორიკოსმა, მეცნიერმა იოსებ ცინცაძემ გადასცა.
ანდრია რაზმაძე აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის მუშაობაში. 1914 წელს დასავლეთ ევროპაში სამეცნიერო მივლინების დროს კავშირი დაამყარა იქაურ მეცნიერებთან და ცნობილ გერმანულ ჟურნალში "Mathematische Annalen" გამოაქვეყნა პირველი შრომა ვარიაციულ აღრიცხვაზე.
ანდრია რაზმაძემ ახალგაზრდობაში მოასწრო მსოფლიოში აღიარებული მათემატიკოსის სახელის მოხვეჭა. მას არაერთხელ სთხოვეს პარიზში გადასვლა და იქ მუშაობის გაგრძელება, მაგრამ ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა.
მისი ოცნება ქართული უნივერსიტეტის აღზევება და საქართველოში ძლიერი მათემატიკური სკოლის დაარსება იყო.
ახლადდარსებულ ქართულ უნივერსიტეტში ანდრია რაზმაძე იყო მათემატიკური მეცნიერების ერთადერთი სპეციალისტი და სწორედ ის ჩაუდგა სათავეში მათემატიკური აზროვნების ქართულად წარმართვის პროცესს.
იმ ხანად თბილისში არ არსებობდა სტამბა, რომელსაც მათემატიკური ტექსტის ასაწყობად საჭირო ნიშნები ექნებოდა, არც სათანადო კვალიფიკაციის ასოთამწყობი მოიპოვებოდა. ანდრია რაზმაძის ძალისხმევით ეს დაბრკოლებაც დაძლეულ იქნა. სტამბაში ნიშნების ჩამოსხმა და ბეჭდვა მისი უშუალო მონაწილეობით ხდებოდა და უნივერსიტეტის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ ანდრია რაზმაძის „მათემატიკური ანალიზის კურსის შესავალი“ გამოიცა.
XX საუკუნის 20-იან წლებში მსოფლიოს მაშტაბით გამართულ მათემატიკურ კონგრესებზე ანდრია რაზმაძე ყოველთვის გამოდიოდა არა საბჭოთა კავშირის, არამედ საქართველოს სახელით და ცდილობდა პოპულარიზაცია გაეწია ქართული მეცნიერებისათვის.
ანდრია რაზმაძეს დიდხანს სიცოცხლე არ დასცალდა, ის 1929 წელს 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობილმა ქართველმა ფილოსოფოსმა და საზოგადო მოღვაწემ შალვა ნუცუბიძემ ანდრია რაზმაძის მოღვაწეობა ასე შეაფასა: „ანდრია რაზმაძე ის ბერკეტი იყო, რომლის მეოხებით ჩვენ ავსწიეთ საქართველოს უნივერსიტეტის ყველაზე მძიმე ტვირთი. ის მომდევნო დროშიაც ასეთივე საიმედო დასაყრდენი იყო ქართული მეცნიერების და მას ამ მეცნიერების დროშა არ დაუხრია მანამდე, ვიდრე მისი სიცოცხლის აღსასრულის ჟამმა არ დაჰკრა“.
ანდრია რაზმაძე ყოველთვის ცდილობდა, წარმოეჩინა საქართველო. იგი თავის ნაშრომებს ყოველთვის ქართულ ენაზე წერდა, თუმცა შესანიშნავად იცოდა სხვა ენები. 1924 წელს კანადაში ქ. ტორონტოში საერთაშორისო კონგრესზე მოხსენების წაკითხვის შემდეგ საქართველოს განათლების კომისარიატს ატყობინებდა: ,,მე ყველგან ჩაწერილი ვარ, როგორც საქართველოს დელეგატი. მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმომედგინა მეცნიერების მხრივ’’. ანდრია რაზმაძე ყველგან და ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ იყო საქართველოს, თბილისის უნივერსიტეტის წარმომადგენელი.
ს
ს
აპოლონ სილაგაძის კოლექცია
2019 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის აპოლონ სილაგაძის (1942-2017) პირადი ბიბლიოთეკა გადმოეცა, რომელიც 414 ერთეულ საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის.
აპოლონ სილაგაძემ 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1981-1985 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი. 2006 წლიდან უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არაბისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. 1988-1992 წლებში გაზეთ ,,სახალხო განათლების’’ მთავარი რედაქტორი.
1998-2004 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ლიბანის რესპუბლიკასა და იორდანიის ჰასიმითურ სამეფოში.
ტ
ტ
მერაბ ტიკაძის კოლექცია
2021 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ცნობილი ქართველი მეცნიერის მერაბ ტიკაძის (1939-2020) პირადი ბიბლიოთეკა გადმოეცა.
მერაბ ტიკაძემ 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არაბული ქვეყნების ისტორიის სპეციალობით. 1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 2003 წელს კი - სადოქტორო დისერტაცია არაბული ქვეყნების ისტორიის საკითხებზე.
გამოქვეყნებული აქვს 43 ნაშრომი და მათ შორის სამი სახელმძღვანელო (არაბული ქვეყნების ისტორია V-XV სს., არაბული ქვეყნები ოსმალთა ბატონობის პერიოდში XVI ს. - XIX ს. დამდეგი და არაბული ქვეყნების ახალი ისტორია XIX-XX სს.)
1966 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის მასწავლებელი, 2003 წლიდან 2006 წლამდე აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის პროფესორი და კათედრის გამგე, 2020 წლამდე ასოცირებული პროფესორი.
ქ
ქ
ნათელა ქუთელიას კოლექცია
2014 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოეცა ცნობილი ენათმეცნიერის, ნათელა ქუთელიას კოლექცია. პირადი კოლექცია 438 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის. ნათელა ქუთელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ასპირანტურა ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალობით დაამთავრა. 1954 წლიდან კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულებით.
შ
შ
აკაკი შანიძის კოლექცია
2015 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კიდევ ერთი კოლექცია შეემატა. გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის აკაკი შანიძის (1887-1987) შვილმა ლელა შანიძემ მამის პირადი ბიბლიოთეკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოსცა. აკაკი შანიძის კოლექცია 1140 დასახელების 2030 საბიბლიოთეკო ერთეულისაგან შედგება. მასში გაერთიანებულია როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი სამეცნიერო მიმართულების ლიტერატურა.
აკაკი შანიძე 1918-1920 წლებში იყო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მდივანი, ხოლო 1919-1921 წლებში - პროფესორთა საბჭოს მდივანი. უნივერსიტეტის გახსნის დღიდან, კითხულობდა ლექციებს არაბულ და სომხურ ენებში, 1919 წლიდან კი - ქართულ ენაშიც. სხვადასხვა დროს ასევე კითხულობდა ქართული დიალექტოლოგიის, ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის, რუსთველის ენის, სვანური ენის სალექციო კურსებს. აკაკი შანიძემ 1925-1926 წლებში წოვა-თუშურის ლექციების კითხვით, საფუძველი ჩაუყარა კავკასიურ ენათა სწავლებას უნივერსიტეტში. 1920 წლის 9 მაისს აკაკი შანიძეს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა (სადოქტორო თემა - ,,სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში’’). ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული პირველი დისერტაცია.
აკაკი შანიძის სამეცნიერო შრომებს შორის საეტაპო მნიშვნელობისაა „უმლაუტი სვანურში“ (1925), „ქართული გრამატიკა, I, „მორფოლოგია“ (1930). ამ წიგნებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ახალი სალიტერატურო ქართულის მყარი საფუძვლის შექმნასა და შემდგომი სამეცნიერო კვლევა-ძიების საქმეში.
კლაუს შვაგერის კოლექცია
2019 წელს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შემოემატა ცნობილი გერმანელი არქიტექტორისა და ხელოვნებათმცოდნის, კლაუს შვაგერის (1925-2016) უმდიდრესი კერძო ბიბლიოთეკა, რომელიც მან უანდერძა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ეს არის უნიკალური წიგნები, ალბომები, რომლებიც ეძღვნება ხელოვნების ისტორიასა და არქიტექტურას. ბიბლიოთეკა სამენოვანია: ინგლისურენოვანი, გერმანულენოვანი და ფრანგულენოვანი. მოიცავს 3406 საბიბლიოთეკო დოკუმენტს.
კლაუს შვაგერი, დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდეგ, 1971 წელს ტიუბინგენის ინსტიტუტს ჩაუდგა სათავეში, რომლის განვითარებასა და სტრუქტურაზე მან მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია.
იგი უპირველეს ყოვლისა საუნივერსიტეტო სწავლების დიდოსტატი გახლდათ. მის მიერ ჩატარებული ლექციები თუ სემინარები სტუდენტებსა და მსმენელებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა,
კლაუს შვაგერი, როგორც ხელოვნების ისტორიკოსი, ცნობილია ნაშრომებით გერმანული ბაროკოს ეპოქის სკულპტურის, აგრეთვე იტალიური მანიერიზმის არქიტექტურის შესახებ.
1955 წელს მუშაობდა რომში, ჰერციანას ბიბლიოთეკაში. იკვლევდა XVI საუკუნის რომაულ არქიტექტურას. 1990 წელს მიენიჭა ემერიტუსის სტატუსი.
ც
ც
ალექსანდრე ცაგარლის კოლექცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, ისტორიკოსისა და ფილოლოგის ალექსანდრე ცაგარელის (1844-1929) პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 1675 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის და შედგება ძირითადად ისტორიული ხასიათის უცხოური ლიტერატურისაგან. უნიკალური გამოცემები ქრონოლოგიურად 1763-1917 წლებს მოიცავს.
ალექსანდრე ცაგარელს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის წინაშე. საგანგებოდ შეისწავლა ევროპის წიგნთსაცავები და აღმოსავლეთის ქვეყნების ქართული კულტურის კერები, რათა ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გაეხადა ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურული წარსული. ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად მისი მოხსენებები საერთაშორისო კონგრესებსა და ყრილობებზე. ქართველი ერის წინაშე ალექსანდრე ცაგარელის დამსახურებას ასე აფასებს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი: ,,პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი უნდა დარჩეს ჩვენს ხსოვნაში, როგორც ერთი საუკეთესო, უანგარო მამულიშვილი, რომელიც მთელი თავის ხანგრძლივ სიცოცხლეში მოქმედებდა მხოლოდ თავის სამშობლოს კეთილდღეობისათვის და რომელმაც მოგვცა მეცნიერების დარგში, საქართველოს შესწავლაში თვალსაჩინო შრომანი. მადლობით მოვიხსენოთ მისი ღვაწლი და საუკუნოდ ვყოთ ხსენება მისი.’’
ჭ
ჭ
თამაზ ჭილაძის კოლექცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცულია ცნობილი ქართველი პოეტისა და მწერლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის თამაზ ჭილაძის (1931-2018) პირადი კოლექცია, რომელიც 594 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის და თავად პოეტმა უსახსოვრა უნივერსიტეტის წიგნთსაცავს 2016 წელს.
თამაზ ჭილაძემ 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა საუნივერსიტეტო ალმანახში - ,,პირველი სხივი’’. პირველი წიგნი - 1956 წელს.
1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა, თამაზ ჭილაძე 1999-2000 წლების ,,საერთაშორისო ადამიანის’’ წოდების ნომინანტად დაასახელა. 1982 წლიდან მწერლის სახელი შეტანილია მსოფლიოს გამოჩენილ პიროვნებათა დიდი ბრიტანეთის ენციკლოპედიურ ცნობარში. აგრეთვე ევროპის გამოჩენილ პიროვნებათა ცნობარში (ბელგია).
ხ
ხ
პეტრე ხვედელიძის კოლექცია
2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოეცა ცნობილი ქართველი ემიგრანტის პეტრე ხვედელიძის (1918-2014) პირადი კოლექცია ამერიკიდან. პირად კოლექციაში გაერთიანებულია ხანგრძლივი ემიგრანტული ცხოვრების მანძილზე შენახული საბიბლიოთეკო დოკუმენტები.
პეტრე ხვედელიძე ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი და სამხედრო პირი იყო. სამსახურიდან გამომდინარე წლების მანძილზე ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, 9 თვის მანძილზე იყო გერმანელების ტყვეობაში, შემდეგ იყო საფრანგეთი და „ქართული ლეგიონი“, რომელიც 1944 წელს შარლ დე გოლის ნაწილებს შეუერთდა. 1951 წლიდან ცხოვრობდა პარიზში, როგორც ომის ვეტერანი, ხოლო 1958 წლიდან ვაშინგტონში, სადაც მუშაობდა „ამერიკის ხმის“ ქართულ განყოფილებაში. ხანგრძლივი ემიგრანტული ცხოვრების მანძილზე მასთან თავი მოიყარა წერილებმა და დოკუმენტებმა, რომლებშიც ასახულია ქართველ ემიგრანტთა მეტად მნიშვნელოვანი მოღვაწეობის პერიპეტიები.
ჯ
ჯ
ოთარ ჯაფარიძის კოლექცია
2020 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შემოემატა ცნობილი ქართველი ისტორიკოსისა და არქეოლოგის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ოთარ ჯაფარიძის (1921-2020) პირადი კოლექცია.
1950-52 წლებში ოთარ ჯაფარიძე მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტში არქეოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1952 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. სხვადასხვა დროს იყო არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი. 1962 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
1964 წელს ოთარ ჯაფარიძეს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1967 წელს დაინიშნა არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის გამგედ. მომდევნო წელს, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრების გაყოფის შემდეგ, ოთარ ჯაფარიძე გახდა არქეოლოგიის კათედრის გამგე, რომელსაც თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 1997 წლის ნოემბრიდან ოთარ ჯაფარიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი. 1979 წელს ოთარ ჯაფარიძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1993 წელს – აკადემიის ნამდვილ წევრად.
1991 წლის 13 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე ოთარ ჯაფარიძე ასრულებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას
ოთარ ჯაფარიძე იყო საქართველოს ერთ–ერთი წამყვანი არქეოლოგი, რომლის ნაშრომებმა საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა. 1991 წლის 13 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე ოთარ ჯაფარიძე ასრულებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას.
არის 120-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. 1969 წელს ნაშრომისათვის - „არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში“ - მეცნიერთაგან პირველს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია.
ფანი ჯინჯიხაშვილის კოლექცია
2021 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოეცა უნივერსიტეტის ევროპული ენების ფაკულტეტის კურსდამთავრებულის ფანი ჯინჯიხაშვილის (1917-1978) პირადი კოლექცია, რომელიც 343 ერთეულ საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის.
მეორე მსოფლიო ომის დროს ფანი ტოლცისი ოჯახთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში და თავისი ბედი დაუკავშირა ცნობილ ქართველ იურისტს, იაკობ ჯინჯიხაშვილს.
ფანი ჯინჯიხაშვილი-ტოლცისი მრავალი წელი მუშაობდა რუმინეთის მიტროპოლიტ ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებისა და შემოქმედების საკითხებზე. დაწერა სცენარი რეჟისორ ირაკლი ასათიანის მიერ ანთიმოზ ივერიელის ეპოქაზე გადაღებული სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმისათვის. დაიცვა დისერტაცია ანთიმოზ ივერიელის ლიტერატურული შემოქმედების თემაზე (ხელმძღვანელი სიმონ ყაუხჩიშვილი, ოპონენტი მიხეილ კვესელავა). გამოაქვეყნა 2 წიგნი (საქართველოში და რუმინეთში) ანთიმოზ ივერიელის შესახებ, განსაკუთრებით მის როლზე რუმინული ლიტერატურული ენის ჩამოყალიბებაში.
ფანი ჯინჯიხაშვილი-ტოლცისი იყო რუმინეთთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი.
გოჩა ჯაფარიძის კოლექცია
2021 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას დიდი ქართველი მეცნიერის, ორიენტალისტისა და ისტორიკოსის გოჩა ჯაფარიძის (1942-2020) უნიკალური კოლექცია გადმოეცა.
გოჩა ჯაფარიძე იყო ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფართო მასშტაბის მეცნიერი, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის საკვანძო პრობლემათა მკვლევარი, მნიშვნელოვანი მონოგრაფიებისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი, არაბისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აღმოსავლეთმცოდნეობისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტების ყოფილი დეკანი, წლების მანძილზე აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების გამგე.
1998-2010 წლებში გოჩა ჯაფარიძე იყო საქართველოს საელჩოს დესპანი ეგვიპტეში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითსა და სპარსეთის ყურის 5 ქვეყანაში (საუდის არაბეთი, კატარი, ბაჰრეინი, ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტესა და სირიაში.