ჯანაშია სიმონ (1900-1947)
ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიისა და ენათმეცნიერების სპეციალობით 1922 წელს. 1926 წელს მიიწვიეს უნივერსიტეტში აფხაზური ენის ლექტორად, სადაც იგი 1937 წლამდე მოღვაწეობდა. 1930 წლიდან ს. ჯანაშია უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს საქართველოს ისტორიის კათედრას. 1935 წელს დაინიშნა საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ და პროფესორად, 1936-1937წწ. ის საქართველოს ისტორიის კაბინეტის გამგე იყო უნივერსიტეტში. 1936-1941წწ. ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტს. 1941-1943წწ. ხელმძღვანელობდა აკადემიის ისტორიის და ენათმეცნიერებათა ინსტიტუტს, 1943 წელს გადადგა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორობიდან, ხოლო გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო ქართველი ხალხისა და სხვა იბერიულ-კავკასიური ხალხების ეთნოგენეზისი; საქართველოსა და კავკასიაში ფეოდალიზმის დაფუძნება, ძველი საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, კოლხეთისა და იბერიის სამეფოების ისტორია, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. მას ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი (მათ შორის 10 მონოგრაფია). 1940-იან წლებში ს. ჯანაშია მცხეთასა და არმაზში არქეოლოგიური გათხრების ერთ-ერთი ორგანიზატორთაგანი იყო.