books alphabet

აირჩიეთ ანბანი

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ასათიანი ვლადიმერ (1901-1972)

ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1923 წელს დაამთავრა პერუჯის (იტალია) სამეფო უმაღლესი ექსპერიმენტული აგროქიმიის ინსტიტუტი. 1923-1926 წლებში მუშაობდა პარიზის, სტრასბურგის, შარლოტენბურგის უნივერსიტეტებში. 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ორგანული და ფიზიოლოგიური ქიმიის კათედრაზეა. 1948 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ორგანული და სასამართლო ქიმიის კათედრის გამგეა, 1931 - 1933 წლებში ანასეულის ჩაის მეურნეობის სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და დირექტორის მოადგილე, 1937 - 1939 წლებში ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1964 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიურის ინსტიტუტის დირექტორი. ასათიანის ძირითადი შრომებია (რუსულ ენაზე): "ბიოქიმიური ფოტომეტრია" (1957), "ბიოქიმიური ფოტომეტრიის ახალი მეთოდები" (1965), "ანალიზის ფერმენტული მეთოდები" (1969; პ. მელიქიშვილის სახელობის პრემია, 1971), "ჩვენი ორგანიზმის ქიმია" (1969, საკავშირო პრემია, 1970), "შეცდომები ნივთიერებათა ცვლაში" (1972) და სხვა. იგი არის მთის კლიმატის ბიოქიმიის, ბიოლოგიურად აქტიურ ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიისა და ბიოქიმიის ფარმაკოლოგიური ფუძემდებელი საქართველოში. ასათიანი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოლოგიური კომიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფერმენტების კომისიის თავმჯდომარე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისა და დიდი სამედიცინო ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით.

ასათიანი ვლადიმერ.