მელიქიშვილი პეტრე  (1850-1927)

ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი რექტორი (1918 წ.), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა ნოვოროსიის (დღევანდელი ოდესის) უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1872 წელს. 1876 წელს მუშაობა დაიწყო ნოვოროსიის უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიაში; 1885–1917წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის პროფესორი; 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი; 1918–1927წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრას. მისი შრომები ეხება ორგანულ და არაორგანულ ქიმიის საკითხებს; მან პირველმა მიიღო ორგანულ ნაერთთა კლასი, რომლებსაც გლიციდმჟავები უწოდა; 1939 წელს ცალკე მონოგრაფიად გამოვიდა მისი გამოკვლევები, მიძღვნილი ზემჟავებისა და ზეჟანგებისადმი. მისი თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ოთხ ქიმიურ ლაბორატორიას, შეიქმნა არაორგანული, ორგანული და აგრონომიული ქიმიის კათედრები; პ. მელიქიშვილის სახელობისაა ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა(1950) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია მისი სახელობის პრემია ქიმიის და ფიზიკის დარგებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის პ. მელიქიშვილის სახელობის კაბინეტ–ბიბლიოთეკა.

 

მელიქიშვილი პეტრე  (1850-1927)