ერისთავი კონსტანტინე 1889-1975

ერისთავი კონსტანტინე  (1889-1975)

ქირურგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა იურიევის (ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს. პირველი მსოფლიო ომის დროს ის იბრძოდა მოქმედ არმიაში. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1941 წლამდე ის ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი სამედიცინო ინსტიტუტში განაგებდა ზოგადი ქირურგიის, 1941–1950წწ. საფაკულტეტო ქირურგიის, ხოლო 1949–1960წწ. ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრებს. სხვადასხვა დროს იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს უფროსი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სისხლის გადასხმის ინსტიტუტის დირექტორი, ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებას. კ. ერისთავმა დანერგა საქართველოში გულის, სისხლძარღვების, ფილტვების, საყლაპავი მილის, თავის ტვინისა და სხვა ოპერაციები. დიდი წვლილი მიუძღვის ტრავმატოლოგიისა და ონკოლოგიის განვითარების საქმეში.