მუსხელიშვილი ნიკოლოზ   (1891-1976)

 მათემატიკისა და მექანიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, სსრკ და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1914 წელს. 1915-დან 1920 წლამდე პეტერბურგის უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიდა უმაღლეს მათემატიკასა და მექანიკას. 1921 წელს დაბრუნდა თბილისში და ივანე ჯავახიშვილის მოწვევით მუშაობა დაიწყო თბილისის უნივერსიტეტში ჯერ დოცენტის, ხოლო 1922 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე. 1941 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი იყო. ნ. მუსხელიშვილი არის მათემატიკისა და მექანიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. ავტორია ფუნდამენტური სახელმძღვანელოებისა ანალიზურ გეომეტრიასა და თეორიულ მექანიკაში. მისი მონოგრაფია "დრეკადობის მათემატიკური თეორიის ზოგიერთი ძირითადი ამოცანა" მეცნიერთა სამაგიდო წიგნად იქცა. იგი რამდენჯერმე იქნა გამოცემული და თარგმნილი მრავალ უცხო ენაზე. ნ. მუსხელიშვილის ამ შრომამ, რომელიც მისი სამეცნიერო მოღვაწეობის გვირგვინს წარმოადგენს, უდიდესი გავლენა მოახდინა დრეკადობის თეორიის შემდგომ განვითარებაზე.

მუსხელიშვილი ნიკოლოზ