ბერიძე ვუკოლ (1883-1963) 

 ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი. დაამთავრა პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1912 წელს. 1922–1932წწ. ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში კითხულობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კურსს. 1932 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა შემდეგი ტერმინოლოგიური ლექსიკონები: სამშენებლო(1926), ფიზიკისა და ელექტროტექნიკის(1928), ენისა და ლიტერატურის (1928), ნორმალური ანატომიის(1930), ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიისა და პოლიგრაფიული საქმის(1932), ტექნიკური(1936), მემცენარეობის(1938), ენტომოლოგიის(1938), საავიაციო(1945), ნიადაგთმცოდნეობის(1950) და სხვ. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი რუსთველოლოგიიის, ქართული ენისა და ლიტერატურის სხვადასხვა საკითხებზე. მათგან აღსანიშნავია: "ვეფხისტყაოსნის ხალხურობისათვის", რომელშიც ავტორი იკვლევს რუსთაველის პოემის ეროვნულ ძირებს, მის კავშირს ქართულ ფოლკლორთან, "შოთას პოეტიკისათვის" და "რუსთაველის შაირისათვის", რომელიც ეხება რუსთაველის შეხედულებას პოეზიაზე და მისი ლექსთწყობის თავისებურებებს.

ბერიძე ვუკოლ