ბაქრაძე დიმიტრი (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი. დიმიტრი ბაქრაძის ინიციატივით დაარსდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება (1873), რომლის ბაზაზე მისივე თავმჯდომარეობით შეიქმნა კავკასიის ისტორიის და არქეოლოგიის საზოგადოება (1881-1886). მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ილია ჭავჭავაძესთან ერთად ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებაში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ მოსკოვის სასულიერო აკადემია 1950 წელს. 1852-1857წწ. მუშაობდა გორის სამაზრო სკოლაში; ამავე პერიოდში აქვეყნებდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში; 1858-1861წწ. მსახურობდა ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიაში; 1861 წლიდან თანამშრომლობდა კავკასიის არქეოგრაფიულ კომისიაში.

1889 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა სიძველეთა თავმოყრისა და დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა რევოლუციამდელ საქართველოში - თბილისის საეკლესიო მუზეუმი. სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში, მოგზაურობის შედეგი იყო ნაშრომები: "არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში" (1878), "შენიშვნა ბათუმის ოლქის შესახებ", "ყარსის ოლქის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი". მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა იოანე ბატონიშვილის "კალმასობა" (ნაწ. 1, 1862), ვახუშტის "საქართველოს ისტორია" (1885), ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის რუსული თარგმანი(1887). ლექსიკონის სახით შეადგინა "კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში"(1875 რუსულ ენაზე). 1889 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "ისტორია საქართველოსი"(უძველესი დროიდან X საუკუნის დასასრულამდე).

  

ბაქრაძე დიმიტრი