ქუთათელაძე იოველ (1887-1963)

იოველ ქუთათელაძე (1887-1963) ფარმაკოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946-1963), დაამთავრა ნოვოროსიის(ოდესა) უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი 1910 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ოდესაში აფთიაქის მმართველად დაიწყო მუშაობა. 1911 წელს გამოცდები ჩააბარა ნოვოროსიის უნივერსიტეტში ფარმაციის მაგისტრის წოდებაზე; იმავე წელს მუშაობა დაიწყო ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის შტატგარეშე ასისტენტად. აქედან დაიწყო მისი მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობა; 1913 წელს იგი გადავიდა ფარმაკოლოგიის კათედრაზე; 1919 წელს საჯაროდ დაიცვა დისერტაცია; 1915 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ აირჩია იგი ფარმაკოლოგიის კათედრის პროზექტორის თანაშემწედ, შემდეგ პროზექტორად; 1920 წელს ჯერ პირავტ-დოცენტის, ხოლო შემდეგ დოცენტის წოდება მიანიჭეს; 1920 წელს ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ჯერ სამედიცინო ინსტიტუტად, შემდეგ კი სამედიცინო აკადემიად გადაკეთდა. იოველ ქუთათელაძე ინსტიტუტის მდივნად და აკადემიის პრორექტორად აირჩიეს; 1921 წელს სამედიცინო აკადემიის საბჭომ იგი ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის გამგედ დანიშნა და პროფესორის წოდება მიანიჭა; ამავე პერიოდში იგი დაუსწრებლად სწავლობდა ნოვოროსიის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე; 1921 წელს იგი მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის პროფესორად; 1924 წლიდან განაგებდა უნივერსიტეტის ანალიზური და სასამართლო ქიმიის კათედრებს; 1927-1930წწ. სათავეში ედგა ბიოლოგიური ქიმიის კათედრასაც და კითხულობდა ლექციებს შესაბამის დისციპლინებში. 1930 წელს უნივერსიტეტს გამოეყო და ცალკე ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, რომელშიც შედიოდა ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტიც; 1937 წლიდან იგი გამოუკიდებელ ფარმაცევტულ ინსტიტუტად გადაკეთდა; ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტის დეკანად, ხოლო შემდეგ ფარმაცევტული ინსტიტუტის დირექტორად პროფესორი ი. ქუთათელაძე დაინიშნა; 1948 წელს ფარმაცევტული ინსტიტუტი შეუერთდა სამედიცინო ინსტიტუტს და იგი კვლავ განაგებდა სასამართლო და ანალიზური ქიმიის კათედრებს და სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია პედაგოგიური მოღვაწეობა.