ყანჩაველი ლევან (1900-1987)
ბიოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ბოტანიკის განხრით 1927 წელს. 1931-1976წწ. თბილისის ბოტანიკური ბაღის მიკოლოგიისა და ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის ბაზაზე დაარსებული მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორი; 1976 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი მეცნიერული კვლევის უმთავრესი პრობლემები შეეხება საქართველოს მიკოფლორის პარაზიტულ წარმომადგენლებს; მანვე შეისწავლა საქართველოს მთიანი ზონის მარცვლეული კულტურების დაავადებანი და გავრცელების პირობები; გამოიკვლია ტყის ჯიშებისა და კულტურების სოკოვანი დაავადებანი და სხვ. ავტორია უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოებისა.