ჟღენტი ვლადიმერ (1891-1972)

ვლადიმერ ჟღენტი (1891-1972)დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს. 1922–1972 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო 1930 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრის გამგე. დააარსა პათოლოგ ანატომიის კათედრები ზოოვეტერინარულ (1932–1946) და თბილისის ექიმთა დახელოვნების (1935–1947) ინსტიტუტებში, ასევე სასამართლო მედიცინის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1925), რომელსაც თავადვე განაგებდა. 1932–1959 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1945 წლიდან – პრორექტორი. შეისწავლიდა ინფექციურ სნეულებებს, ონკოლოგიის, კარდიოანგიოპათოლოგიის, გერონტოლოგიის, ასევე საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და საქართველოს მედიცინის ისტორიის საკითხებს. მან ქართულ ენაზე შეადგინა პათოლოგიური ანატომიის პირველი სახელმძღვანელოები, მანვე დააარსა საქართველოს პათოლოგ ანატომთა სამეცნიერო საზოგადოება (რომელსაც ჟღენტის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა). პათოლოგ ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში, 1925 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.