საბაშვილი მიხეილ (1900-1979)

მიხეილ საბაშვილი (1900-1979) ნიადაგმცოდნე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1925 წელს. 1930-1942წწ. სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დოცენტი იყო; 1936 წლიდან სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგთმცოდნეობის, ხოლო შემდეგ ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის კათედრის გამგე და პროფესორი; 1945-1958წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. შეისწავლა საქართველოს ნიადაგების გენეზისი, შედგენილობა-თვისებები, გავრცელება, კლასიფიკაცია, აგროსაწარმოო მაჩვენებლების თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მის მიერ და მისი ხელმძღვანელობით შედგენილია სხვადასხვა მასშტაბიანი ნიადაგური რუკები და სხვა. სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობასთან ერთად, განუწყვეტლივ ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას. მისი შრომები ფართოდ იყო გამოყენებული საბჭოთა მეურნეობებისა და კოლმეურნეობების, საირიგაციო და სამელიორაციო მშენებლობების დაპროექტების, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის ახალი ფართობების ათვისებისა და გაუმჯობესების საქმეში.