დავითაია თეოფანე (1911-1979)
გეოგრაფი, კლიმატოლოგი და აგრომეტეოროლოგი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1951), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), პროფესორი (1961), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966). სანქტ-პეტერბურგისა (1950-1951) და მოსკოვის (1955-1961) უნივერსიტეტების პროფესორი; ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი (1962-1979); საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1970-1979); საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1972-1979). დაამთავრა თბილისის სუბტროპიკული კულტურების სრულიად საკავშირო ინსტიტუტი 1931 წელს. 1939-1941წწ. სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებაში გაიარა დოქტორანტურის სრული კურსი. მეორე მსოფლიო ომის დროს მოქმედ არმიაში გაიწვიეს. ომის შემდეგ აგრძელებს მუშაობას ლენინგრადში. 1940 წელს აირჩიეს სრულიად საკავშირო გეოგრაფიული საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ. 1951 წელს გადაიყვანეს მოსკოვში სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე სამეცნიერო ნაწილში. 1964-1965წწ. მუშაობდა კუბის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ბუნებრივ რესურსთა შემსწავლელ საბჭოთა მეცნიერ-კონსულტანტების ჯგუფს. 1967-1968წწ. აშშ-ის უისკონსინის უნივერსიტეტის მიწვევით კითხულობდა ლექციების კურსს კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის თანამედროვე პრობლემებზე, ამერიკის სამეცნიერო ჟურნალებში აქვეყნებდა შრომებს, არჩეული იყო უცხოეთის მრავალი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების წევრად. კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დიდი წვლილი მიუძღვის კლიმატისა და ამინდის არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლის მეთოდების თეორიულ დასაბუთებაში, დაამუშავა აგროკლიმატური დარაიონებისა და კლიმატის სასოფლო სამეურნეო შეფასების მეთოდები, შექმნა კლიმატის საწარმოო შეფასების ახალი მეცნიერული მიმართულება, დაადგინა თანამედროვე ცივილიზაციის ზეგავლენით ბუნებაში თავისუფალი ჟანგბადის სისტემური კლების აქამდე უცნობი მოვლენა. მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის "საქართველოს ატლასის" შექმნაში. მისი მონაწილეობით და რედაქტორობით შეიქმნა "კუბის ეროვნული ატლასი". დიდი წვლილი მიუძღვის კუბის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებაში.