დაბეჭდვა
გადასვლები: 1238

დვალი რაფიელ (1909-1985)

რაფიელ დვალი (1909-1985) ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა პოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1931 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა ინჟინერ-კონსტრუქტორად, ხოლო 1932 წლიდან - კონსტრუქტორ-მკვლევრად ამიერკავკასიის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტში. 1943-1946წწ. იგი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტია, ასევე, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის საცდელი სადგურის დირექტორი. 1946 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აყალიბებს ავტომობილების, ტრანსპორტის და ავტო-სატრაქტორო ძრავების კათედრას და უდგება მას სათავეში. 1948-1963წწ. რ. დვალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომობილების, ტრაქტორებისა და ავტო-სატრანსპორტო ძრავების კათედრას განაგებდა. 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორად (რექტორად) დაინიშნა. 1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტს. ინსტიტუტი დღეს მის სახელს ატარებს. რ. დვალის მეცნიერულ შრომების დიდი ნაწილი მიძღვნილია მობილური მანქანების თეორიის საკითხისადმი, მან პირველმა ჩაატარა ფერდობზე ტრაქტორის მუშაობის თეორიული გამოკვლევა, დაადგინა მთის ტრაქტორის ძირითადი პარამეტრების განსაზღვრის მეთოდი, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრაქტორის თეორიის განვითარებაში.