დეკაპრელევიჩი ლეონარდ (1886-1981)
გენეტიკოს-სელექციონერი, ბოტანიკოსი,სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო-ისტორიული განყოფილება 1912 წელს. 1914 წლიდან თბილისის ბოტანიკური ბაღის სელექციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი; 1916 წლიდან გამგე; 1929 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლექტორი; 1937-1973წწ. ამავე ინსტიტუტის გენეტიკა-სელექციის კათედრის გამგე, შემდეგ მისი საპატიო გამგე და კონსულტანტი. 1943 წლიდან სოფლის-მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი; 1930 წლიდან პროფესორი; დეკაპრელევიჩის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა უმთავრესად შეეხება ამიერკავკასიის, კერძოდ, საქართველოს კულტურული ფლორის შესწავლას. მან სხვა მეცნიერებთან ერთად დაადგინა, რომ მსოფლიოში საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი კერაა, განსაზღვრა ხალხური სელექციის როლი ამ მცენარის გაუმჯობესებაში. გამოიყვანა ხორბლის, სიმინდის, ქერისა და ლობიოს ახალი ჯიშები. მიღებული აქვს 8 საავტორო მოწმობა.