ერისთავი დიმიტრი (1903-1971)
ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ქიმიკოსის კვალიფიკაციით 1928 წელს. 1930-1950წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1944-1971წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე; 1958-1971წწ. ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ანალიზურ ქიმიაში, მათ შორის 9 მონოგრაფიაა და 4 სახელმძღვანელო. დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოში ანალიზური ქიმიის განვითარების საქმეში. მან შექმნა იშვიათი და გაბნეული ელემენტების განსაზღვრის მთელი რიგი ახალი მეთოდები; დაამუშავა იშვიათ და გარდამავალ ელემენტთა დაყოფის ქრომატოგრაფიული საკითხები; გამოიკვლია ჩვენი მინერალური წყლების ქიმიური შემადგენლობა.