წერეთელი გიორგი  (1904-1973)

წერეთელი გიორგიენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება 1927 წელს. 1931 წელს ასპირანტურის დასრულებისთანავე მიიწვიეს ლენინგრადის ცოცხალ აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის არაბული ენის დოცენტად. 1933 წელს დაბრუნდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო კადრების მომზადებას სემიტოლოგიის სხვადასხვა სფეროში. 1933-1936წწ. ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთის ენათა განყოფილებას ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტს (ენიმკი). მისი ინიციატივით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის კათედრა (1945) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (1960). კათედრასა და ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა არაბული ენათმეცნიერება და ფოლკლორი, ებრაბისტიკა და არამეისტიკა, ახლო აღმოსავლეთის ძველი ენები და დამწერლობათა ისტორია, ქართველური ენათმეცნიერება, ქართული და შედარებითი ლექსთწყობის საკითხები, თეორიული ლინგვისტიკის პრობლემები, ქართული ანბანის წარმოშობის საკითხები, რუსთველოლოგია.