ცხვედაძე ნიკო (1845-1911)

ცხვედაძე ნიკო საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და საზოგადოების გამგეობის მუდმივი წევრი. თბილისის ქართული გიმნაზიის აგების ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელში; საშუალო ცოდნა - თბილისის სასულიერო სემინარიაში; უმაღლესი განათლება - მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1869 წელს. იმავე წელს შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას; დაინიშნა მასწავლებლად თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც იმ დროს იაკობ გოგებაშვილი მოღვაწეობდა; 1873-1874წწ. ჩატარდა სემინარიის რევიზია და პროგრესული იდეების გამო მოხსნილ იქნა იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძეც იძულებული იყო სამუდამოდ დაეტოვებინა სემინარია; ერთხანს კერძო გაკვეთილებით ცხოვრობდა; შემდეგ დაინიშნა ისტორიის, გეოგრაფიისა და პედაგოგიკის მასწავლებლად თბილისის საქალებო ინსტიტუტში, ამავე დროს მუშაობდა თბილისის ყოფილ წმინდა ნინოს სასწავლებელშიც, ამ სასწავლებლებში მან 27 წელი იმუშავა(1874-1901); თავიდანვე დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს და მე-19 საუკუნის 60-70-იანი წლების სხვა გამოჩენილ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს და მათთან ერთად ჩაება დიდი მასშტაბის საზოგადოებრივ საქმიანობაში; სხვებთან ერთად იყო “ქართველთ შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ-ერთი დამაარსებელი; უშუალოდ მონაწილეობდა საზოგადოების მიერ სკოლების დაარსებაში იმ დროისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ადგილებში: კავკავში, ბაქოში და ბათუმში; ითვლებოდა თბილისის ქარული გიმნაზიის გამგე-კომიტეტის წევრად, თავმჯდომარის ამხანაგად და მრავალი წლის მანძილზე ენერგიულად ხელმძღვანელობდა ამ სასწავლებლის მთელ მუშაობას; 1888-1892წწ. არჩეული იყო თბილსიის ქალაქის ხმოსნად; 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა თბილისის ქართული გიმნაზიისათვის საკუთარი ახალი შენობის აგების ურთულეს საქმეს და სიცოცხლის უკანასკნელი წლები ამ წამოწყების განხორციელებას შესწირა; თავისი წვლილი შეჰქონდა ქართულ სამეცნიერო მწერლობასა და პედაგოგიკურ აზროვნებაშიც; იგი 1870-1880-იან წლებში ქართული პრესის აქტიური თნამშრომელი იყო; მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე საყურადღებო საჟურნალო და საგაზეთო სტატია-ნარკვევი; სახალხო განათლების ორგანიზაციისა და მეთოდიკის გაცნობის მიზნით იმოგზაურა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებანი გამოაქვეყნა ივერიაში.