ცაგარელი არჩილ (1913-1988)
გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1936 წელს. 1939-1940წწ. ასწავლიდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1940 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში; 1951 წლიდან ხელმძღვანელობდა რეგიონული გეოლოგიის განყოფილებას; 1979-1981წწ. იყო ინსტიტუტის დირექტორი; 1940 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1951 წელს — სადოქტორო დისერტაცია; 1980 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი; 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი შრომები ეხება საქართველოსა და კავკასიის მეზოზოური ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის, მეოთხეული გეოლოგიისა და რეგიონული გეოლოგიის საკითხებს. მეოთხეულ სისტემას მიუძღვნა მან 1964 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი, რომელიც ფაქტობრივად საქართველოს მთელი მეოთხეული ნალექების პირველ შემაჯამებელ მონოგრაფიულ გამოკვლევას წარმოადგენს. დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე ეროზიულ-დენუდაციური ზედაპირების გენეზისის საკითხს, რომელსაც განიხილავდა ახალგაზრდა ტექტონიკური მოძრაობების ფონზე. პირველმა შეაჯამა და თანამედროვე დონეზე განაზოგადა საქართველოს ზედაცარცული ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის საკითხები. შეიმუშავა კავკასიის განვითარების ნეოტექტონიკური ეტაპის ახალი სქემა. შემოგვთავაზა კავკასიის ალპური მოძრაობების ქრონოლოგია, დაადგინა მისი ასაკი. თანაავტორი და თანარედაქტორია საქართველოს გეოლოგიის შესახებ შექმნილი პირველი განმაზოგადებელი ნაშრომისა.