ყაუხჩიშვილი სვიმონ (1895-1981)
მეცნიერ ბიზანტინოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართულის ბიზანტინოლოგიური სკოლის დამაარსებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1917 წელს. ანტიკური ქვეყნებისა და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქალთა სემინარიაში. 1918 წლიდან თბილისის უნივერსიტეტშია, სადაც იგი საპროფესოროდ მოსამზადებლად იქნა დატოვებული ბერძნულ-ბიზანტიური ფილოლოგიის განხრით. 1923 წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1927 წლიდან ბიზანტინოლოგიის კათედრის გამგეა. 1960 წელს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსებისთანავე ს. ყაუხჩიშვილი სათავეში ჩაუდგა ამ ინსიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილებას და მას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. შეადგინა ლათინურ-ქართულ-ლათინური ლექსიკონი. მის გამოკვლევათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იოანე პეტრიწის შრომათა მეცნიერულ პუბლიკაციას ორ ტომად (1937-1940); უაღრესი მნიშვნელობა აქვს მის გამოკვლევებს "ბალავარიანთან" დაკავშირებით, აგრეთვე პეტრიწონის მონასტრის ისტორიის შესწავლაში. ავტორია ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე პირველი და ერთადერთი სახელმძღვანელოსი ბიზანტიის ისტორიაში.