ლომთათიძე ქეთევან (1911-2007)
ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იმერიულ-კავკასიურ (აფხაზურ-ადიღურ) ენათა სპეციალისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება 1931 წელს. 1932-1934წწ. მუშაობდა მეცნიერ თანამშრომლად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში; 1938-1940წწ. უძღვებოდა ზოგადი ენათმეცნიერების კურსს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1953-1963წწ. და 1975 წლიდან იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - კავკასიურ ენათა კათედრის პროფესორი. იკვლევდა აფხაზურ-ადიღური, აგრეთვე ქართველური ენების გრამატიკის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს. საფუძველი ჩაუყარა აფხაზური ენისა და მისი დიალექტების ისტორიულ-შედარებითი მეთოდით შესწავლას.