თავხელიძე ალბერტ (1930-2010)

თავხელიძე ალბერტ ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 1986-2005 წლებში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1953 წელს. 1956-1970 წწ. მუშაობდა ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის განყოფილების გამგედ, თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილედ და სხვა. 1963-1970 წწ. პარალელურად მუშაობდა ქალაქ სერპუხოვში (მოსკოვის ოლქი) მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში სექტორის ხელმძღვანელად. 1970 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბირთვულ გამოკვლევათა ინსტიტუტის დირექტორი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის მეცნიერ-კონსულტანტი. მისი შრომები ეხება ველის კვანტური თეორიისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ძირითად საკითხებს. ა. ლოგუნოვთან ერთად ველის კვანტურ თეორიაში შემოიტანა და დაამკვიდრა კვაზიპოტენციალის მეთოდი.