ბარამიძე ალექსანდრე  (1902-1994)

ქართველი ლიტერატურათმცოდნე. ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორი (1936), პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება 1925 წელს. 1962-1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, 1966 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო 1925 წლიდან. მისი კვლევის ობიექტი იყო უპირატესად XI-XVIII საუკუნეების ქართული საერო მწერლობა. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა შოთა რუსთაველს, ჩახრუხაძეს, შავთელს, თეიმურაზ I-ს, სულხან-საბა ორბელიანს, დავით გურამიშვილს, ბესიკსა და სხვებს. ერთ-ერთმა პირველმა გაარკვია "ამირანდარეჯანიანის" ორიგინალურობის საკითხი, "რუსუდანიანის" ლიტერატურული წყაროები. იკვლევდა ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობებს. წვლილი მიუძღვის "ვისრამიანის" ქართული თარგმანისა და "შაშ–ნამეს" ქართული ვერსიების თავისებურებათა გარკვევაში. დაწერილი აქვს ფუნდამენტური ნაშრომი "ქილილა და დამანას" ქართული ვერსიების შესახებ. მონოგრაფიული სისრულით გამოირჩევა მისი ნაშრომი "შოთა რუსთაველი და მისი პოემა" (1966). აკადემიკოს კ. კეკელიძესთან ერთად ავტორია ძველი ქართული მწერლობის ისტორიის სრული კურსისა.

ბარამიძე ალექსანდრე  (1902-1994)