- დეტალები
- გადასვლები: 1351
ონიაშვილი ოთარ (1915-1968)
მეცნიერი სამშენებლო მექანიკის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე. 1935 წელს დაამთავრა კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1936-1944 წლებში მუშაობდა მოსკოვისა და თბილისის საპროექტო დაწესებულებებსა და სამშენებლო ორგანიზაციებში. 1947 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში სამშენებლო მექანიკისა და კონსტრუქციების განყოფილებას. ო. ონააშვილის სამეცნიერო შრომებს, მიძღვნილს გარსების დინამიკისა და სეისმომედეგობისადმი, ფუძემდებლური მნიშვნელობა ჰქონდა ამ დარგის განვითარებაში. მან საფუძველი ჩაუყარა აგრეთვე გარსთა ტექნიკური თეორიის ქართულ სკოლას, ხელმძღვანელობდა კვლევით სამუშაოებს თაღოვანი კაშხლების გაანგარიშებისა და კიდულ სისტემათა თეორიაში. იყო სივრცითი კონსტრუქციების საერთაშორისო ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი აღმასკომის წევრი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიისა და მყარი სხეულის მექანიკის მიღწევების, ინგლისური გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
- დეტალები
- გადასვლები: 1390
ჯავახიშვილი ნინო (1914-2012)
ანატომი, დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1935 წელს. 1946 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტალური მორფოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1959-2006წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 2006 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის საპატიო დირექტორი. მისი სამეცნიერო გამოკვლევები მიეძღვნა გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემის მორფოლოგიასა და ექსპერიმენტული მედიცინის სხვადასხვა საკითხს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1949), პროფესორი(1953), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნ. ჯავახიშვილი არის 275 სამეცნიერო შრომისა და 7 მონოგრაფიის ავტორი. 43 ნაშრომი გამოქვეყნებულია უცხო ენებზე.
- დეტალები
- გადასვლები: 1258
ჭანიშვილი შალვა (1900-1986)
აგრონომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1959), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1923 წელს დაამთავრა მილანის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1923-1926 წწ. აგრონომად მუშაობდა საფრანგეთში. 1926-1942 წლებში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებში სხვადასხვა თანამდებობებზე იყო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა. 1942-1952 წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი. 1952-1958 წლებში საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აგროქიმიის განყოფილების გამგე. 1958 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის პროფესორი. ჭანიშვილმა შეისწავლა საქართველოს მინდვრის კულტურების აგროტექნიკის საკითხები, დაამუშავა სანაწვერალო კულტურების თესვა-მოყვანის მეცნიერული საფუძვლები, გამოიკვლია თესლბრუნვისა და ნიადაგის დამუშავების საკითხები. დაჯილდოვებულია არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი.
- დეტალები
- გადასვლები: 1359
ქუთათელაძე იოველ (1887-1963)
ფარმაკოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946-1963), დაამთავრა ნოვოროსიის(ოდესა) უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი 1910 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ოდესაში აფთიაქის მმართველად დაიწყო მუშაობა. 1911 წელს გამოცდები ჩააბარა ნოვოროსიის უნივერსიტეტში ფარმაციის მაგისტრის წოდებაზე; იმავე წელს მუშაობა დაიწყო ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის შტატგარეშე ასისტენტად. აქედან დაიწყო მისი მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობა; 1913 წელს იგი გადავიდა ფარმაკოლოგიის კათედრაზე; 1919 წელს საჯაროდ დაიცვა დისერტაცია; 1915 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ აირჩია იგი ფარმაკოლოგიის კათედრის პროზექტორის თანაშემწედ, შემდეგ პროზექტორად; 1920 წელს ჯერ პირავტ-დოცენტის, ხოლო შემდეგ დოცენტის წოდება მიანიჭეს; 1920 წელს ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ჯერ სამედიცინო ინსტიტუტად, შემდეგ კი სამედიცინო აკადემიად გადაკეთდა. იოველ ქუთათელაძე ინსტიტუტის მდივნად და აკადემიის პრორექტორად აირჩიეს; 1921 წელს სამედიცინო აკადემიის საბჭომ იგი ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის გამგედ დანიშნა და პროფესორის წოდება მიანიჭა; ამავე პერიოდში იგი დაუსწრებლად სწავლობდა ნოვოროსიის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე; 1921 წელს იგი მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის პროფესორად; 1924 წლიდან განაგებდა უნივერსიტეტის ანალიზური და სასამართლო ქიმიის კათედრებს; 1927-1930წწ. სათავეში ედგა ბიოლოგიური ქიმიის კათედრასაც და კითხულობდა ლექციებს შესაბამის დისციპლინებში. 1930 წელს უნივერსიტეტს გამოეყო და ცალკე ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, რომელშიც შედიოდა ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტიც; 1937 წლიდან იგი გამოუკიდებელ ფარმაცევტულ ინსტიტუტად გადაკეთდა; ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტის დეკანად, ხოლო შემდეგ ფარმაცევტული ინსტიტუტის დირექტორად პროფესორი ი. ქუთათელაძე დაინიშნა; 1948 წელს ფარმაცევტული ინსტიტუტი შეუერთდა სამედიცინო ინსტიტუტს და იგი კვლავ განაგებდა სასამართლო და ანალიზური ქიმიის კათედრებს და სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია პედაგოგიური მოღვაწეობა.
- დეტალები
- გადასვლები: 1305
ყანჩაველი ლევან (1900-1987)
ბიოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ბოტანიკის განხრით 1927 წელს. 1931-1976წწ. თბილისის ბოტანიკური ბაღის მიკოლოგიისა და ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის ბაზაზე დაარსებული მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორი; 1976 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი მეცნიერული კვლევის უმთავრესი პრობლემები შეეხება საქართველოს მიკოფლორის პარაზიტულ წარმომადგენლებს; მანვე შეისწავლა საქართველოს მთიანი ზონის მარცვლეული კულტურების დაავადებანი და გავრცელების პირობები; გამოიკვლია ტყის ჯიშებისა და კულტურების სოკოვანი დაავადებანი და სხვ. ავტორია უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოებისა.